რა შეიძლება იყოს უარესი, ვიდრე გრძნობებში თანხვედრის არარსებობა? – როცა ერთი ადამიანი განიცდის და იტანჯება, მეორე კი მის სულიერ იმპულსებს ვერაფრით პასუხობს. როგორც ირკვევა, ცალმხრივი სიყვარული და კარმა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამგვარ ურთიერთობაში მყოფ ორ ადამიანს გარკვეული მისია აკისრია. მაინც რაში გამოიხატება მათი მისია დედამიწაზე და რატომ ვერ პოულობენ ერთის გრძნობები შესაბამის გამოხმაურებას მეორის სულში?

   ცალმხრივი სიყვარული თითქმის ყოველთვის კარმულია. ხშირად, ის მოულოდნელად ჩნდება: ხედავთ პიროვნებას, რომელიც ახლახანს გაიცანით, მაგრამ რატომღაც ფიქრობთ, რომ მას მთელი ცხოვრებაა იცნობთ. “გახსენების” ეს მომენტი ხდება ერთადერთი მიზეზით: წინა ცხოვრებაში თქვენ უკვე შეხვდით ამ პიროვნებას და თქვენმა ენერგიკამ ეგრევე “დააფიქსირა” ნაცნობი ენერგია. თუმცა,ეს ავტომატურად არ გულისხმობს, რომ თქვენ მასთან სასიყვარულო ურთიერთობებში იყავით. რათქმაუნდა, ხანდახან ხდება, რომ მოსიყვარულე წყვილი ახალ განსახიერებაშიც პოულობს ერთმანეთს, მაგრამ მსგავსი სიყვარული, რამდენიმე ინკარნაციას გამოვლილი, საკმაოდ იშვიათია და ის ყოველთვის ორმხრივია. აი თქვენს მიერ “გახსენებული” ადამიანი კი, ოდესღაც, სავარაუდოდ, თქვენს მიმართ განიცდიდა ნაზ გრძნობებს, რომელზეც თქვენ არ პასუხობდით.

   კარმულ ცალმხრივ სიყვარულს ყოველთვის აქვს თავისი მიზეზები და ისინი ყველა შემთხვევაში ერთნაირი როდია. კარმა – ეს ხომ,პირველ რიგში, მიზეზისა და შედეგის კანონია, შესაბამისად, გაუზიარებელ გრძნობებთან დაკავშირებული პასუხები წარსულ გარდასახვებში უნდა ვეძიოთ.  როგორც წესი, უპასუხო სიყვარულით იტანჯებიან ის ადამიანები, რომლებიც წინა ცხოვრებაში ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, ოღონდ სარკისებურად: ისინი ვიღაცას ძალიან უყვარდა, მაგრამ ამ ადამიანის გრძნობას არ პასუხობდნენ. კარმა ამ პიროვნებებს კვლავ აკავშირებს, მაგრამ ადგილებს უცვლის და ტანჯულის ადგილზე აღმოჩნდება ის, ვინც მას აიძულებდა ეტანჯა. ცალმხრივი სიყვარულის კარმა ერთგვარ სამართალს აღასრულებს და აჩვენებს ადამიანს, თუ რამდენად მტკივნეულია, იყო უარყოფილი შენი გრძნობების ობიექტისგან.

    ენერგეტიკული გაცვლის კანონების თანახმად, ენერგიის ის რაოდენობა, რაც ადამიანმა გასცა, მან უკანვე უნდა დაიბრუნოს. ამიტომაც გამოდის, რომ ვისაც უყვარს – ენერგიას აწვდის სიყვარულის ობიექტს, ეს უკანასკნელი კი მას უბრალოდ იღებს და ამით მის მიერ წინა ცხოვრებაში გაწეულ ენერგეტიკულ ხარჯებს ინაზღაურებს.  ის ცუდს არაფერს აკეთებს, უბრალოდ იღებს იმას, რაც ოდესღაც გასცა. როდესაც სასწორი ბალანსდება, კარმიური ვალი სრულად კომპენსირდება. თუმცა, ყოველთვის ისე არ ხდება, რომ უპასუხო სიყვარული აღმოჩნდება ორი ადამიანის კარმა. ხდება, რომ ტანჯვის გავლა უწევს მხოლოდ ერთს, რომელმაც წარსულ ცხოვრებაში სიყვარულში შესცოდა. როცა ბიჭი სვამს შეკითხვას “რატომ არ მოვწონვარ გოგონებს – ნუთუ კარმაშია საქმე?”, სავსებით შესაძლებელია, რომ წინა ინკარნაციაში ის ალფონსი, ან გაწაფული მოღალატე ყოფილიყო, რომელიც გართობის,ან სარგებლის მიზნით გულს სტკენდა ქალბატონებს, რომლებსაც იგი უყვარდათ. ამ განსახიერებაში კი, მისი სასჯელიც სწორედ სიყვარულში თანმდევ ქრონიკულ წარუმატებლობებში მდგომარეობს. ზოგჯერ გრძნობებში თანაზიარობის არარსებობა ადამიანს ეძლევა იმისთვის, რათა ამით მას სწორი არჩევანის გაკეთება ასწავლოს. თუ წარსულ ცხოვრებაში მან სწორ გზას გადაუხვია, ვერ გაუძლო ცდუნებას, მაგალითად, საყვარლის გამო მიატოვა კანონიერი მეუღლე, რამაც ცხოვრება დაუნგრია, – ამ ინკარნაციაში ის კვლავ აღმოჩნდება გზაჯვარედინზე.

    “დეკორაციები” (გარემოებები) შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არსი იგივე დარჩება: ადამიანის წინაშე კვლავ დადგება არჩევანი, თუ როგორ მოიქცეს. მაგალითად, შესაძლოა, უპასუხო გრძნობის გამო ის დაადგეს თვითგანადგურების გზას, გაბოროტდეს, გაბრაზდეს ცხოვრებაზე და მის გარშემო მყოფ ხალხზე, სცადოს შურისძიება იმ ადამიანზე, ვისაც ის არ უყვარს და საბოლოო ჯამში, სიცოცხლის ბოლომდე დარჩეს სრულიად მარტო. თუმცა, მას ასევე შეუძლია საკუთარი სიყვარული პოზიტიურ კალაპოტში მოაქციოს და შემოქმედების, ხელოვნების,ქველმოქმედების, ადამიანების დახმარების კუთხით მოახდინოს მისი რეალიზება და შედეგად, იპოვოს თავისი ჭეშმარიტი მეორე ნახევარი. ხშირად, ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალბატონებს – ცალმხრივი სიყვარული, ერთგვარი გამოცდის სახით ეძლევათ, როგორც ძლიერი სტიმული თვითგანვითარებისთვის. თუ ადამიანმა წარსულ ცხოვრებაში ვერ მოახდინა საკუთარი ტალანტების რეალიზება, ამჟამინდელში, ბედისწერა მას თავისებურ ბიძგს უგზავნის,რომელიც მას სწორ გზაზე დააყენებს. მაგალითად, ახალგაზრდა ბიჭი, სვამს შეკითხვას: “რატომ არ მიმართლებს გოგონებში?”, კარმა აძლევს მინიშნებას: უნდა შეცვალო დამოკიდებულება და ყველაფერი შეიცვლება. თუ ადამიანი ითავისებს ამ გზავნილს და იწყებს თვითგანვითარებას, მას შეუძლია საკუთარ თავში ისეთი ტალანტები აღმოაჩინოს, რაზეც,მანამდე, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. გამოდის, რომ უპასუხო გრძნობებმა იგი აიძულა, საკუთარი თავისთვის მიექცია ყურადღება.

     წარმოვიდგინოთ სიტუაცია, სადაც მოკრძალებულ, წყნარ გოგონას კომპანიის ყველაზე პოპულარული ბიჭი უყვარდება, ვინც გიტარაზეც უკრავს, თეატრის წრეშიც დადის და ხუთიანებზე სწავლობს. მისი სიყვარული ვერ პოულობს საპასუხო გრძნობას და მას უჩნდება სურვილი, რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ საყვარელმა ადამიანმა ყურადღება მიაქციოს. ის ეწერება თეატრალურ წრეში და გიტარის კურსებზე, სწავლის ხარისხს აუმჯობესებს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ის მშვენიერი მუსიკოსია და თან, მსახიობის ნიჭით! რამდენიმე წლის შემდეგ, იგი ცნობილი მსახიობი ხდება, ამის პარალელურად, ქმნის ჯგუფს,წერს საკუთარ ალბომს. მოკლედ, შემოქმედებით სფეროში წარმატებით ახდენს თვითრეალიზაციას.  ის ბიჭი კი, უკვე აღარც კი ახსოვს. ის ხომ მხოლოდ იმიტომ გამოჩნდა მის ცხოვრებაში,რათა გოგონას საკუთარი პოტენციალი სრულად გაეცნობიერებინა. ეს მაგალითი ნათლად ასახავს უპასუხო კარმული სიყვარულის დანიშნულებას. თუ გიყვართ ის ადამიანი, რომელიც არ იზიარებს თქვენს გრძნობებს, ეცადეთ თქვენი გრძნობები დადებითი მიმართულება შესძინოთ. თქვენი სიყვარული გამოხატეთ შემოქმედებაში: წერეთ ლექსები,შექმენით ნახატები, დაწერეთ სიმღერები – უპასუხო გრძნობა შეიძლება გახდეს ძლიერი სტიმული თვითგანვითარებისთვის. იპოვეთ ისეთი საქმე, რომლის მეშვეობითაც დაუხარჯავ ენერგიას გადასცემთ მას, ვინც მასში რეალურად საჭიროებს. მაგალითად, მოხალისე/ვოლონტიორული საქმე და ქველმოქმედება ეფექტურად შთანთქავენ კარმიულ ვალს სასიყვარულო სფეროში.  გააცნობიერეთ, რომ ადამიანი, რომელიც გიყვართ, არაფრითაა თქვენს წინაშე ვალდებული, მან ხომ უკვე გაჩუქათ საკუთარი გული, თუნდაც წინა ცხოვრებაში. თუ თქვენ თავად აღმოჩნდით იმ ადამიანის ადგილას, ვისაც არ შეუძლია სხვა პიროვნების გრძნობებს შესაბამისად უპასუხოს, არავითარ შემთხვევაში არ დასცინოთ და აბუჩად არ აიგდოთ მისი გრძნობები. შეეცადეთ, მას ენერგიის საპასუხო სხივი გაუგზავნოთ – სიყვარულს ხომ სხვადასხვანაირად შეუძლია გამოვლინდეს და ეს ყოველთვის ვნებას და მხურვალე რომანს არ გულისხმობს. უბრალოდ გაუგეთ ამ ადამიანს. ფიქრებში მადლობა გადაუხადეთ მას იმისთვის, რომ უყვარხართ, უსურვეთ სიხარული და სიკეთე – ამით თქვენს ვალს გაისტუმრებთ.

Call Now Button